როგორ ფიქრობთ, რამდენად გავრცელებულია საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება და რა მიზნებისთვის იყენებენ თანამდებობის პირები თავიანთ გავლენებს? - ეს ის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვაა, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს დაუსვეს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები საგანგაშოა. გამოკითხული რესპონდენტების 63 პროცენტი დარწმუნებულია, რომ გავრცელებულია ან ძალიან გავრცელებულია ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება.
რაც შეეხება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მიზნებს, ის რესპონდენტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასეთი ქმედება გავრცელებულია - მიიჩნევენ, რომ მიზანი ოჯახის წევრების, ნათესავების და ახლობლების დასაქმება, საკუთარი ბიზნესის მფარველობა, ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და სხვადასხვა საქმის მოგვარების სანაცვლოდ ქრთამის აღებაა.
საზოგადოების აზრის კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველ წელს ტარდება და მოქალაქეების ნეგატიური განწყობა საჯარო მოხელეების მიმართ ყოველ წელს იზრდება.
"დროებამ" არასამთავრობო ორგანიზაციის მსგავსად მოქალაქეებს იგივე შეკითხვები დაუსვა და შეიძლება ითქვას, რომ სურათი კიდევ უფრო მძიმეა. მოსახლეობის ნდობა საჯარო მოხელეების მიმართ მინიმალურზე დაბალია. მოსახლეობისთვის საჯარო მოხელე და ნეპოტიზმი სინონიმად იქცა. პრინციპში, ეს შედეგი გასაკვირი არც უნდა იყოს, როდესაც აჭარის მთავრობას ადგილობრივები ქვისლების, მეჯვარეების და მეგობრების მთავრობად მოიხსენიებენ.